რეგიონი

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს დღეს დაკრძალავენ

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს დღეს დაკრძალავენ.

კორონავირუსის გართულებებით გარდაცვლილ, 46 წლის მეუფე დიმიტრის ( კაპანაძე) დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

მეუფეს ცხედარი დედოფლისწყაროში უკვე რამდენიმე დღეა ასვენია და ყოველდღიურად პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც სინოდის წევრებიც ესწრებიან.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გარდაცვლილი საეკლესიო პირის ოჯახის წევრებს, ნეშტის მშობლიურ მუნიციპალიტეტში, ხარაგაულში გადასვენება სურდათ.

დიმიტრი კაპანაძე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში 2015 წელს მიავლინეს.

ნეკრესის ეპარქიის მეუფეს კორონა ვირუსით გარდაცვალების გამო, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ის ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველიც იყო.

ეპისკოპოსი დიმიტრი 1975 წლის 16 ივნისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ხორითში დაიბადა.

1992-1995 წლებში, სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში.

სხვადასხვა დროს მეუფე მსახურობდა ახალციხის, ბოდბის, მარგვეთისა და უბისის ეპარქიებში.

პარალელურად, 2005 წელს, მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა.

2008 წლის 30 ივნისს, მეუფე დიმიტრის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, კახეთში ოთხი სასულიერო პირი გარდაიცვალა, მათ შორის ნეკრესის ეპარქიის მმართველი, 62 წლის სერგი ჩეკურიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button