მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტში ცესკოს კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

გასული წლის დეკემბერში, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტის შესაბამისად, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცესკო-ს წევრობის კანდიდატმა ქრისტინე ქაჯაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაყალბებას არ შესწრებია, თუმცა, უნახავს პროცედურული დარღვევები, რაზეც რეაგირება მოახდინა.

„გაყალბების მექანიზმებს, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ, მე ვარ ტრენერი და ტრენინგებს ვუტარებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ტრენინგი მაქვს ჩატარებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც 2018 წელს. გაყალბების მექანიზმებს ნამდვილად არ ვიცნობ და მე ვასწავლი ყველას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება გაყალბებას თუ შევსწრებივარ, რა თქმა უნდა, არ შევსწრებივარ, თუმცა, პროცედურულ დარღვევებს ძალიან ბევრს შევსწრებივარ და შესაბამისი დახმარება, რეაგირება ჩემი ყოფილა როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ.

რა თქმა უნდა, მე ვაფასებ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტის შესაბამისად და ეს განპირობებული იყო ზუსტად იმ საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, რომელმაც უფრო ღია და მოქნილი გახადა პროცესი და უფრო მეტად გამჭვირვალე. დაუყოვნებლივ გადათვლებმა და ვიდეო ფიქსაციის აპარატებმა მეტად ღია გახადა პროცესი”, – განაცხადა ქაჯაიამ.

ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button