მნიშვნელოვანისიახლეები

“ხვალ, დღის 2 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა,”-მელია

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს.

ნიკა მელიას თქმით, უკან დახევა არ იქნება.
მისივე თქმით, “იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება”.

“ყოველდღე, განსაკუთრებით თბილისმა უნდა ვთქვათ გადამწყვეტი სიტყვა. ამ ბრძოლაში. თბილისმა, როგორც დედაქალაქმა. თბილისმა, როგორც მილიონნახევრიანმა ქალაქმა. ქალაქმა, სადაც ყველაზე მეტად გააყალბეს არჩევნები. გადაჭარბების გარეშე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერაფერი ვერ მოიპოვეს ისეთი, რაც მათ სურდათ თბილისთან დაკავშირებით და საერთოდ, ჯამურად, დროებით გაიფორმეს ის ვითომ გამარჯვება. ამიტომ თუ ვინმე უნდა ვიყოთ ქუჩებში უნდა ვიყოთ თბილისელები და არამხოლოდ თბილისელები.
ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით თბილისში. ზოგჯერ ვიქნებით ძალიან ბევრნი, ზოგჯერ იმაზე ბევრნი, მაგრამ ერთ რიგით კალენდარულ დღეს, უახლოეს პერიოდში, იმდენნი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი. ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ყველა მოედანზე და ყველა ხიდზე უნდა ვიდგეთ, რომ თბილისი იყოს სავსე ხალხით, სავსე სიცოცხლით, სავსე მართალი ადამიანების ხმით. ხვალ, დღის 2 საათზე, ჩვენ სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს.
“პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით. ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და რომელიც ჩვენ უკვე ერთხელ გავიარეთ, როდესაც საბჭოთა საქართველოდან დამოუკიდებელი საქართველო შევქმენით. იმავე პროცესში ვართ ჩვენ ახლა. მე ძალიან მომწონს, რომ პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოების მიერ ნელ-ნელა ხდება იმის გააზრება, რომ ჩვენ საბჭოთა საქართველოდან უნდა მივიღოთ დამოუკიდებელი საქართველო. პოლიტიკურად ეს არის პოლიტიკური მომენტის ადეკვატური შეფასება“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკოსების როლი ის არის, რომ „დაგეგმონ სხვადასხვა და ადეკვატური ქმედება, ანუ საზოგადოება არც გადაღალონ, მაგრამ არც მუხტი დააგდონ“.
„აბსოლუტურად ყველა ფორმა უნდა იყოს გამოყენებული – აქციაც, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ქმედებები, ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, საზოგადოების მობილიზება… აქ არის მთელი პოლიტიკური შესაძლებლობების პალიტრა, რომელიც უნდა გამოიყენო. პოლიტიკოსების როლი სწორედ ეს არის, რომ ამ პოლიტიკური პალიტრიდან დაგეგმონ სხვადასხვა, ადეკვატური ქმედება – არც გადაღალონ საზოგადოება, მაგრამ არც მუხტი დააგდონ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პროტესტი პერმანენტული იქნება – პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას.
“პროტესტი პერმანენტული იქნება. იქნება სისტემური, კომპლექსურად დაგეგმილი გვაქვს ყველაფერი. პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება ეს პროტესტი. ჩვენი მიზანია, გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ხალხმა გავიფორმოთ, ახლიდან ჩატარდეს არჩევნები. მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი წამოვიწყოთ, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას”, – აღნიშნა ვაშაძემ.

თუ ჩვენ ვიქნებით 1000 – ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით 10 ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება.
„ჩვენს სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება: 1. ჯერ კიდევ ვინმე თუ დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ იქნებ სადმე „ოცნებამ“ სამართლიანად გაიმარჯვა, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის გაყალბება, მაქინაცია, „რუსული ომის“ გეგმა, რომელიც ამ მთავრობამ შეასრულა;
მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცესკო აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არცერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც გამოვიდოდა და მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას, რაც ძალიან დიდი მიღწევა;
მესამე ყველაზე მთავარი არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა – არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიაში, ხელოვნებით და ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია ადამიანიანებს, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ. სამოქალაქო და დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ამ ბრძოლის ღერძი.
თუ ჩვენ ვიქნებით 1000 ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება ოპოზიციის პროტესტის ფორმები და სამოქმედო გეგმა არჩევნების შედეგების საპროტესტოდ და ხმების დასაცავად.

მსგავსი პოსტები

Back to top button