მნიშვნელოვანისიახლეები

ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, ჟურნალიტებს წერილს უგზავნის, სადაც წერს, რომ სისუსტის გამო, ხვალ შესაძლოა სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს:

“ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი.
გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”. – წერს მესამე პრეზიდენტი წერილში.

ხვალ, 9 დეკემბერს ჩანიშნულია საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლო. შეგახსენებთ, რომ ამავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია, ხოლო მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები.

მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკეა გამოყოფილი.

მიხეილ სააკაშვილის ობიექტური მონაცემები დიდად არ განსხვავდება წინა სასამართლო პროცესის მდგომარეობიდან, თავად თავს უფრო სუსტად მიიჩნევს, ამიტომ ხვალინდელ პროცესზე წასვლა არ წასვლის საკითხი მისი გადასაწყვეტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება სახელმწიფო კონსილიუმს. იყო ჩამოსული კონსილიუმის წევრთა ნაწილი, კერძოდ ფსიქიატრები, ვისთანაც ბატონმა მიხეილმა შეხვედრაზე განაცხადა უარი. ამიტომ მათ კომენტარის გარეშე დატოვეს ჰოსპიტალი“,- განაცხადა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის განცხადებით, ნეირორეაბილიტაცია, რაზეც ალტერნატიული კომისია აცხადებს, რომ საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაბამის ცენტრში რეაბილიტაცია, გორის ჰოსპიტალში არ კეთდება.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ბატონი მიხეილის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სასამართლოზე წარდგენა რომ შეძლოს და შიმშილობის შემდგომ პროცესზე“,- განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავს სუსტად გრძნობს და დიდი ალბათობით, ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ექსპრეზიდენტი, დღის ბოლოს გიული ალასანიამ მოინახულა. ის შვილთან შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

პროტესტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პოზიცია შეცვალა და შეწყვეტილი მკურნალობა კვლავ განაგრძო. ამის შესახებ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს. გუშინ, მიხეილ სააკაშვილი გზავნილში წერდა, რომ უარს იტყოდა სამედიცინო სერვისების მიღებაზე, რადგან მასთან ვიზიტორების შესვლის აკრძალვა და ტელევიზორის ჩამორთმევა იგეგმებოდა. ადვოკატებისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ გუშინ მსჯავრდებულთან პალატაში გლდანის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებიც შევიდნენ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ცრუ ბრალდება უწოდა. უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ არ იყო გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება. განმარტავდნენ იმასაც, რომ უფლებამოსილი პირების ვიზიტი, განპირობებული იყო მსჯავრდებულისთვის ოქმის გაცნობის მიზნით, თუმცა მათივე მტკიცებით, სააკაშვილმა სწორედ ამ დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაწესებულების თანამშრომლებს.

გორში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღესაც ჩავიდნენ მისი თანაგუნდელები და თანამებრძოლები.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი კი, დღესაც საპარლამენტო განხილვის თემა იყო. პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დღის წესრიგს ვეღარ შექმნის. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობა დაცულია.

ქვეყნის ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მორიგი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესია ჩანიშნული, ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. უცნობია, მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსს გადის.

მსგავსი პოსტები

Back to top button