მნიშვნელოვანისაქართველო

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს საქართველო ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის დღის
101-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღეს, 1918 წელს, ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომელიც თბილისში, 17:10 საათზე იქნა გამოცხადებული. დოკუმენტის პირველ პუნქტში ჩაიწერა – ,,ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად, ქვეყანამ დამოუკიდებლობა 70 წლით დაკარგა. ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1991 წლის 9 აპრილს იქნა მიღებული, თუმცა 26 მაისი საქართველოში როგორც მაშინდელი რუსეთის იმპერიისგან, ისე საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღე 2019 წელს

წელს, დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება – მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით #გააზიარეცოდნა. 26 მაისთან დაკავშირებით, თითქმის ორი კვირის წინ, კამპანია ,,მკითხე მოამბე” დაიწყო, რომელმაც სოციალური ქსელებისა და მოწვეული სტუმრების საშუალებით, იმ ადამიანების შესახებ ყვებოდა, რომელთა სახელობის ქუჩებიც თბილისში არსებობს.

რაც შეეხება უშუალოდ 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს:

12:00 საათზე, ტრადიციულად, თბილისში – თავისუფლების მოედანსა და ერთდროულად ხუთ სხვადასხვა რეგიონში (უფლისციხე, ანანური, გრემი, ზუგდიდი და მრავალძალი), წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

radiotavisupleba.ge

ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში – 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

დამოუკიდებლობის დღის სიმბოლური კულმინაცია 17:10 საათზეა დაგეგმილი, როცა საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე ერთობლივად შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი –
„თავისუფლება“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე კონცერტი დააგვირგვინებს.

როგორ ხვდებიან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოში?


სლოვენია – ლუბლიანას სასახლე 2018 წელი
ფოტო: mfa.gov.ge

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17:10 წუთზე, ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მოეწყობა აშშ-ში, ესპანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ირანში, პოლონეთში, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, არგენტინაში, სლოვენიაში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, ბელარუსში, პანამაში, რუმინეთში ეგვიპტეში, კვიპროსში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, სლოვაკეთში,
ავსტრიაში, ისრაელში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირლანდიაში, იორდანიაში, უზბეკეთში, ლატვიაში, ჩინეთში, სომხეთსა და საბერძნეთში.

საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები უკვე გაიმართა აშშ-ში – კერძოდ ნიუ-იორკში, დანიაში, კატარში, სამხრეთ აფრიკაში, უკრაინის ქალაქ ოდესაში, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, ჩეხეთში, დანიაში, თურქმენეთსა და ბულგარეთში.

მსგავსი პოსტები

Back to top button