მნიშვნელოვანისიახლეები

კლინიკების ასოციაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პრემიერს მიმართავს

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს კლინიკების ასოციაცია.

ასოციაცია პრემიერმინისტრს მიმართავს და აღნიშავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილურ კლინიკაში.

“საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობიდან გავიდა 24 დღე, რის შედეგად შესაძლებელია, მას განუვითარდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევა, რაც თავისთავად გულისხმობს რამდენიმე ორგანოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის ერთობლივ დაზიანებას, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია თანმიმდევრული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები და მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების უწყვეტი ჩართულობით. საქართველოს კლინიკების ასოციაცია გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული პროცედურების განხორციელება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის არ არსებობის გამო, ციხის საავადმყოფოს პირობებში სამწუხაროდ შეუძლებელია.

ბატონო პრემიერო, გვსურს ოფიციალურად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ.

პატივს ვცემთ ადამიანის პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმას, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია. გთხოვთ, შექმნილი ვითარება შეფასდეს ადექვატურად და მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება”, – აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს,ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ, სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში, გლდანის საპატიმრო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button