კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადება
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და შინაარსში პირდაპირ ჩარევას.
კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცედენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის.
კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოსარჩელის კანდიდატების – დაინტერესებული მხარეების დანიშვნა ტელეკომპანიის მმართველებად არ ემსახურება იმ სადავო მიზანსაც კი, რომელიც განსაზღვრულია განჩინებაში, კერძოდ, მიუკერძოებელი პირების მიერ კომპანიის მართვის უზრუნველყოფას.
კოალიცია იმედოვნებს, რომ სასამართლო ხელისუფლების სხვა რგოლები გაითვალისწინებენ იმ საფრთხეებს, რასაც აღნიშნული პრეცენდენტი უქმნის ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება”- ნათქვამია განცხადებაში რომელსაც კოალიციის წევრები აწერენ ხელს.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები:
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
•მედიაკლუბი
•საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
•ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
•ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
•სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
•არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
•ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
•საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
•სატელევიზიო ქსელი