კობახიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ ,,ენმ,,-ს ადანაშაულებს თუმცა პასუხისმგებლობას რუსეთს არ აკისრებს
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და ქართული ოცნების გუშინდელ განცხადებას იმეორებს, რომლის თანახმადაც, “2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება”.
მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას პასუხისმგებლობის კონტექსტში რუსეთი არ უხსენებია.
მან აგვისტოს ომის “სამართლებრივ შეფასებაზე” საუბრისას თქვა, რომ “მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნაცმოძრაობის, სააკაშვილის რეჟიმმა ბოლომდე იყოს გამოძიებული”.
“რაც შეეხება ომის გამოძიებას და მათ შორის კითხვას, თუ რატომ ახლა – რატომ ახლაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, თქვენ იცით, რომ წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც რა თქმა უნდა, უაღრესად პრინციპული იყო ჩვენთვის გამარჯვება და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ეს პროცესები მოიგო საქართველომ და ქართულმა ჯარმა. დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული გამარჯვება, რაც მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით.
რაც შეეხება ომის გამოძიებას – იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია ნაცმოძრაობას, კერძოდ, ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. თქვენ იცით, რომ ამ პოზიციას ეთანხმება ნაცმოძრაობის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია პრაქტიკულად ამ საკითხის გარშემო წარმართა. ანუ ნაცმოძრაობის და მათი პრეზიდენტის პოზიცია შეჯერებულია ამასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს და დოკუმენტურადაც დაადასტურეს, რომ თავად დაიწყეს ომი, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის დადგენა.
სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა – ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ერთად იყოს გამოყენებული, შეიძლება კონკრეტული ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული, ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნაცმოძრაობის, სააკაშვილის რეჟიმმა იყოს ბოლომდე გამოძიებული”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა სამართლებრივი გზების გამოყენებას აპირებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს “მძინარე ცხინვალს” და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში(ICC) დასრულდა აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. იმავე წლის 30 ივნისს სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალი არცერთი ქართველისთვის არ წაუყენებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ომის დაწყებაში რუსული პროპაგანდის ნაწილია:
„რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ ამაზე რეაქცია. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყვნენ. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული“.
სამი წლის წინ, 2021 წლის 7 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ „13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ“. 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.