კომაკის ავიაბაზიდან იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა
კომაკის ავიაბაზიდან იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა – ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები გაგზავნა. ცნობას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები „ტვიტერის” გვერდზე აქვეყნებენ.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონია უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს.
„იაპონიის თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად“, – ნათქვამია „ტვიტერის“ გვერდზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, პოტენციური საფრთხეებისგან ნატოელი მოკავშირეების დასაცავად აშშ უკრაინის მეზობელ პოლონეთში აგზავნის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს. ამის შესახებ CNN იუწყება ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენელზე, ადამ მილერზე დაყრდნობით.
Patriot-ს შეუძლია ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, საბრძოლო თვითმფრინავების და ფრთოსანი რაკეტების განადგურება.
ამერიკულ სარდლობაში აცხადებენ, რომ პოლონეთში ამერიკული სარაკეტო-საზენიტო კომპლექსების გაგზავნა არ ნიშნავს რაიმე შეტევითი ოპერაციის მხარდაჭერას და ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანია პოტენციური აგრესიის შეკავება და შესაძლო საფრთხეებისგან თავდაცვა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება.
მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 2 მილიონამდე ადამიანი.