მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებენ, ყოველდღიურად იზრდება

კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებენ ყოველდღიურად იზრდება. მათ შორის არის უკვე McDonalds​. სწრაფი კვების ამერიკული კომპანია ქვეყანაში 850-ვე რესტორანს დახურავს. ქვეყანაში მუშაობას აჩერებს Starbucks-ის ფილიალებიც. საქმიანობას წყვეტს კოკა-კოლა და პეპსიკო. ბიზნეს საქმიანობას რუსულ ბაზარზე შეაჩერებს KFC​-იც.

მსოფლიო ბრენდებს უერთდება გამომცემლობა Condé Nast, კომპანია რუსეთში Vogue, “ჯი ქიუს” და სხვა ჟურნალების გამოცემას აჩერებს. რუსეთში ექსპორტს წყვეტს შვეიცარიული საათების კომპანია Rolex​-იც.

8 მარტს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ბიზნესს აჩერებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Ferrari, Lamborghini, L’Oreal, და სხვა მსხვილი ფირმები.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ McDonald’sრუსეთში რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გააცნო თანამშრომლებს.

McDonald’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსმა თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ რუსეთში დასაქმებული 62 000 თანამშრომელი ხელფასს კვლავ მიიღებს და ახლა რესტორნების დახურვა სწორი ნაბიჯია. ის ვერ აკონკრეტებს, როდის განახლდება რესტორნების მუშაობა.

“რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ ვერ გავუკეთებთ იგნორირებას უკრაინაში ადამიანების ტანჯვას”,- აცხადებს კრის კემპჩინსი.

McDonald’s-მა ასევე დროებით დახურა 108 რესტორანი უკრაინაში და აგრძელებს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას. კომპანიის განცხადებით, რუსეთის და უკრაინის ბაზრები ჯამურად კომპანიის წლიური შემოსავლების 9%-ს აგენერირებდნენ, რაც დაახლოებით $2 მილიარდია, შესაბამისად დახურვა კომპანიას დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს. McDonald’s-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა, 847-ვე რესტორანი დახურა, სადაც 62 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

ამერიკული კომპანია Yum Brands-ი, რომელიც ფლობს სწრაფი კვების რესტორნებს KFC-სა და Pizza Hut-ს, რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს.

ამასთან კომპანიები Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთში თავიანთი პროდუქციის გაყიდვებს აჩერებენ.

რუსეთში იხურება Starbucks-ის ასობით მაღაზია. ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის ნაწილის გაყიდვას წყვეტს კომპანია PepsiCo-ც. კერძოდ, აიკრძალება კომპანიის სასმელების გაყიდვა, თუმცა ჯერჯერობით გაგრძელდება რძისა და ბავშვთა კვების პროდუქციის გაყიდვა. რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა კომპანია Coca-Cola-მაც.

კომპანია „ფრუტილიას“ დამფუძნებლის ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარმა მიმზიდველობა დაკარგა.

„ინფლაციიდან და რუსეთის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსული ბაზარი მიმზიდველი აღარ იქნება.

მინდა მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ და დავგმო რუსი ოკუპანტების ქმედება. რაც არ უნდა მიმზიდველი ბაზარი იყოს რუსეთი, ასეთ ქვეყანასთან სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობის სურვილი არ გვაქვს“,- განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

„ფრუტილიას“ დამფუძნებლის განმარტებით, ბოლო პერიოდში, ქართულმა კომპანიებმა ევროკავშირში მწვანილის ექსპორტი აქტიურად დაიწყეს.

„ახლა მწვანილის სეზონია. უკვე დაიძრა და აქტიურად მიმდინარეობს მწვანილის ექსპორტი საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის მიმართულებით. ბაზრის მოთხოვნებიდან და ჩვენი პროდუქციის ხარისხიდან გამომდინარე, საქართველოში წარმოებული პროდუქტები სხვადასხვა ქვეყნებზე გადანაწილდება“,- აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ცნობისთვის, „ფრუტილია“ ცოცხალი ხილის ექსპორტს ახორციელებს. პარალელურად კი, კომპანია ლოგისტიკურ საქმიანობას ეწევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button