მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უგულავა უდანაშაულოდ ცნო

ოპოზიციონერი ლიდერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

კოჭლამაზაშვილის განმარტებით, ორივე მხარემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დაწყების ეტაპზე, ეს გონივრულია, რადგან ძალადობის საკითხში კონფლიქტის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დადგინდეს, კონკრეტული პირი თავდასხმის პოზიციაში იყო თუ თავდაცვის. მოსამართლის თქმით, კონფლიქტის არსებობას ორივე მხარე ადასტურებს და ფიზიკური დაპირისპირებისას ურთიერთდარტყმებსაც ორივე მხარე ადასტურებს.

კოჭლამაზაშვილის განმარტებით, დამატებითი მტკიცებულებები სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, ბრალდების მხარემ საპატრულო პირების წარმოდგენა მოახდინა, რომლებიც დაწყებული კონფლიქტის დროს მივიდნენ და მათ კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მისი თქმით, რომელი მხარის ვერსიაა სწორი, სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება, რაც არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, მოსამართლემ გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ გამოაცხადა.

როგორც იტყვიან ეშმაკი დეტალებშია, დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ მაინც ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის, მოსამართლემ თავიდან აიცილა ეს საქმე, – ასე აფასებს ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო.

გიგი უგულავას შეფასებით, აღნიშნულ საქმეში დამნაშავე და მოძალადე ბადრი გავაშელიშვილია, მაგრამ ამაზე მართლსამჯულება დუმს, რაც არის მთავარი პრობლემა ამ ისტორიაში. მისივე თქმით, ბადრი გავაშელიშვილი აუცილებლად დაისჯება და ეს საქმე დამთავრდება მაშინ, როდესაც გავაშელიშვილი საჯაროდ იტყვის ვინ დაავალა, ან რამდენი გადაუხადეს.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას გამოძიება ევროპის ჩემპიონ – საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავება. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button