კომუნიკაციების კომისია რადიო ჰერეთს ლიცენზიას გადასცემს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხვალ 20 აგვისტოს რადიო ჰერეთს დედაქალაქში მაუწყებლობისთვის, ტალღაზე FM93.5 კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას გადასცემს. 

კომისიის სხდომა 16 საათზე დაიწყება. – იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდი. 

რადიოსადგური 16 ივლისს კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა და 8 წლიანი ლოდინისა და სასამართლო დავის შემდეგ სამაუწყებლო ლიცენზია მიანიჭა.

ჰერეთი ახალი ლიცენზიით დედაქალაქში რადიო “თბილისს” გაუშვებს.

საძიებო სისტემაში რადიო “თბილისი” პირველი რადიოსადგური იქნება და დედაქალაქთან ერთად მისი მოსმენა რუსთავსა და მცხეთაშიც შესაძლებელი იქნება.

ლიცენზიის პირობების მიხედვით ეთერში შესაძლებელია ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების წარმოებაც.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დაფარვის არეალი კახეთთან ერთად 3 მილიონ პოტენციურ მსმენელამდე გაიზრდება.

რა გზა გამოიარა ჰერეთმა და როგორი იქნება რადიო თბილისი? – წაიკითხეთ ინტერვიუ რადიოსადგურის დამფუძნებელ რამაზ სამხარაძესთან, რომელიც გასულ კვირას ჟურნალმა “ბიზნესი და მენეჯმენტი” გამოაქვეყნა.

რადიო “თბილისის” საცდელი მაუწყებლობა სექტემბრიდან იგეგმება. 

მსგავსი პოსტები

Back to top button