მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ოფიციალურად დარეგისტრირდა

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

აქტის წარმდგენია „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი, თანაწარმდგენი კი „დემოკრატი“ კონგრესმენი სტივ კოენი.

„ამერიკის ხმის“ თანახმად, საკანონმდებლო მაცნეში წერია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შესაბამისად, თუ აქტის რომელი ნაწილი, რომელი კომიტეტის იურისდიქციაში და უფლებამოსილებაში მოექცევა.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომლის ტექსტიც “ამერიკის ხმამ” მოიპოვა, კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“.

მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი – ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე – ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება “ქართული ოცნების” მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

მედიის თანახმად, აქტის დამტკიცების შემთხვევაში, “ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს”. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.

“ამერიკის ხმას” ექსკლუზიურ ინტერვიუში აქტის სახელწოდების ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა განუცხადა, რომ “ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით”.

“ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია”, – ამბობს კოენი “ამერიკის ხმასთან”.
ავტორებს პრეცედენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ. მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა.

კანონპროექტის დამტკიცებას დასჭირდება ჯერ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა. მომდევნო ეტაპზე, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა. ამ თანამდებობას 20 იანვარს მეორედ დაიკავებს დონალდ ტრამპი.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას სამართლებრივი ძალა ექნება და შესაბამისად, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკად იქცევა.

“ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონი ცნობილია კრიტიკული განცხადებებით საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. მისი სახელი ფიგურირებდა 8 იანვარს “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილში. პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში ამტკიცებდნენ, რომ “ჯო უილსონი არის „დიპ სტეიტის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button