მნიშვნელოვანისიახლეები

ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა

პროევროპული აქციებზე დაკავებულთა ადვოკატების ბოიკოტის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სასამართლო სხდომა გააგრძელა, თუმცა, ამ დროისათვის, პროცედურული დეტალების მოსაგვარებლად შესვენებაა გამოცხადებული.

როგორც ადვოკატები უხსნიან მედიას სასამართლოს აქვს უფლება აღკვეთის ღონისძიების საკითხი ადვოკატების მონაწილეობის გარეშე გადასინჯოს, მაგრამ მიმდინარე საქმეზე ამ უფლების შესასრულებლად რამდენიმე ხელისშემშლელი გარემოება არსებობს – დაკავებული 8 პირიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველი, ერთი კი არაქართულენოვანია.

ამის გამო, პროკურატურამ ხუთი დაკავებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა. ესენი არიან ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე და ინსაფ ალიევი.
აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა.

ადვოკატების განმარტებით, ისინი უარს არ აცხადებენ პროცესში მონაწილეობაზე, უბრალოდ ბრალდებულებისთვის და ადვოკატებისთვის შესაბამის სამუშაო პირობებს ითხოვენ.

შეგახსენებთ დაკავებული პირებიდან 4 – ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან.

როგორც ჯურნალისტი იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სხდომა მაშინ განახლდება, როცა სასამართლოში სახაზინო ადვოკატები მივლენ.

სავარაუდოა, რომ ისინი საქმის მასალების გაცნობას მოითხოვენ და აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვის დრო კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

ბოიკოტში მყოფი ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი დაცვის უფლებაზე უარს არ ამბობენ და დაესწრებიან პროცესს იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზი შეიცვლება და სხდომა დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა სხდომის დიდ დარბაზში ჩატარების შესახებ.

ბრალდებულები და მათი ადვოკატები ორი საათის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, შეუძლებელი იყო მუშაობა.

ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი გახდა შეუძლოდ. სასამართლოში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ექიმებმა ჯანმრთელობის ცნობაში ჩაწერეს, რომ ის, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ, თუმცა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მაინც არ მიიღო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესი, სადაც მოსამართლემ მათი პატიმრობის საკითხზე უნდა იმსჯელოს.

11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს.

აქედან სამს – ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს – ძალადობაში მონაწილეობას.

ამ წუთებში, საპროტესტო აქცია გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასა და ეზოში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.

პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ადვოკატები მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს განცხადებით მიმართავენ და აცხადებენ, რომ უარს არ ამბობენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, ამავდროულად საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ.

“ბატონო ირაკლი, თქვენ წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, ვეფხვია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის მიმართ, 225-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე წარმოვადგენთ ბრალდებულთა ინტერესებს, რომლის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარეობდა, რა დროსაც დარბაზში არ იყო სათანადო პირობები, არც ბრალდებულებისთვის, არც ადვოკატებისთვის. ამის მიუხედავად ჩვენი შუამდგომლობა პროცესის შესაბამის დარბაზში გადატანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. რის შედეგადაც ბრალდებული გახდა ცუდად, აუცილებელი გახდა სამედიცინო დახმარება. სასამართლომ არცერთი ნახსენები გარემოება არ გაითვალისწინა, რის გამოც ბრალდებულები და ადვოკატები იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა დარბაზი, ისე რომ ყველა ადვოკატის პოზიცია არ მოგისმენიათ.

მოგახსენებთ, რომ ჩვენ ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატები ვრჩებით უფლებათა დამცველებად, გთხოვთ მოგვცეთ დაცვის უფლების ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ არ ვაცხადებთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე. ვითხოვთ სამუშაო და ადამიანურ პირობების შექმნას. გთხოვთ სხდომა გადაიტანოთ შესაბამის დარბაზში.” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button