„წინააღმდეგობის 45- ე დღე პრეზიდენტთან ერთად“-საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. „წინააღმდეგობის 45- ე დღე პრეზიდენტთან ერთად“, – ამ პლაკატით დახვდნენ მას ზუგდიდის ცენტრში აქციის მონაწილეები.
სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა, „ზუგდიდი საქართველოში არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან“, – თქვა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ ის, როგორც დიპლომატი, სწორედ საქართველოს მოქალაქეების სახელით დაელაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებთან შეხვედრასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს:
„მე ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. მე მყავს დღეს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, რომ დაიცვან ამ ქვეყნის მომავალი იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრილოეთ არა მეგობრისგან.
იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდ ევროპაში, გინდ ამერიკაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ, ეს პროტესტი რომ არ იყოს, ეს მრავალფეროვანი პროტესტი, ყველა ქალაქში, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ამდენი მეგობარი ევროპასა და ამერიკაში იშვიათად ჰყოლია.
„ჩვენ, ახლა, ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ არანაკლებად მაქვს თქვენი, ყველას, თითოეულის იმედი იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება მოიგო ბელადის ხელით, მხოლოდ ვიღაცის იმედით, შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება, არა, ეს მოხდება მხოლოდ იმით, თუ ყველა ბოლომდე ჩართული ვიქნებით, როგორც დღეს ვართ და როგორც ვიქნებით ხვალ.
მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ჩართული ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს იწყება საზღვარგარეთ იმიტომ, რომ პროფესიით მე ასე დავიბადე, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც დიპლომატი და ალბათ, უფრო მეხერხება [დიპლომატია]. მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში. იქ, დღეს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე, ვთხოვთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოელი არამეგობრისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდათ, ევროპაში და გინდათ, ამერიკაში. ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს და არიან ასეთი აქტიურები დღეს, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს ყველა ქალაქში, საზოგადოების ყველა სეგმენტი, რომელიც არის ჩართული, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ იმ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ.
ყველაფერი გადაბმულია – გარედან მეგობრების მხარდაჭერა, შიგნიდან პროტესტი, ასევე, თქვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პროტესტი, რაც შეიძლება მეტად გარეთ იყოს გატანილი იმისთვის, რომ მე ყველგან მხარი დაგიჭიროთ და ამიტომ დავიწყე ზუგდიდით, მაგრამ [ასევე] იმიტომ დავიწყე რეგიონებში სიარული, რომ არავინ იფიქროს, რომ საქართველოს რომელიმე ადგილზე მათი პროტესტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისის პროტესტი. ეს არის მთლიანად საქართველოს პროტესტი, რომელიც მიგვიყვანს ბოლო შედეგამდე. ეს ბოლო შედეგი არის მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში [ცხოვრება]. სადაც ჩვენ ვართ, რეჟიმი აღარ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებლიანი და ასეთი მშვიდობიანი დიდი ხანია არ ყოფილა საქართველოში. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან. ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც, სადაც პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული პირების საქმეები განიხილება:
აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები – ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემოიტანოს, თუმცა „დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს“.
„რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით კიდევ ერთხელ შემოიტანოს დაპირისპირება. დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. ორი მხარე არ არსებობს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის დაცვის გულისთვის რაღაც უსასტიკეს ზომებზე მიდიან.
გუშინ იყო სასამართლო, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან და ეს იცის მოსამართლემაც, რომელიც იქ იჯდა. იცის, რომ იქ ჯგუფური ძალადობა და არანაირი დანაშაული არ ყოფილა. ისინი გათავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა გათავისუფლდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები და არის ასევე, ერთი ქალი, რომელიც არ ვიცი, არის თუ არა დედა – გაბედა და დაწერა სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის დედაზე – რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნებით ირინა ენუქიძე. ასეთი სისაზიზღრე არ გამიგია არცერთი ქალისგან, არცერთი დედისგან. ეს არის ბოროტება რაც მოჰყვება რუსეთის ბოროტებას. აქ არ არის ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით, თავიანთი, ლექსიკითა და სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ ქვეყანა, სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის ამ ქვეყანაში სიახლე, რომელსაც უნდა შეეგუოს ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება და წინსვლა უნდა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრის ჯო უილსონის სახელით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავა.
45-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი – 44.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.