მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, შესაძლოა აპრილ-მაისში იყოს

საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებს აძლიერებენ, მაგრამ მისი თქმით, საჭიროა უფრო თანამედროვე ავიაცია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და სამხედროები შესაბამის მომენტს ელოდებიან.

მინისტრი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევა აპრილ-მაისში დაიწყება. ამის შესახებ რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა რეზნიკოვს ჰკითხა, როდის ნახავენ „ლეოპარდის“ ტიპის გერმანულ ტანკებს ფრონტზე.

„თქვენ ნახავთ მათ კონტრშეტევაში, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების თანახმად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენ ძალიან სველი მიწა გვაქვს, შესაძლებელია მხოლოდ მუხლუხოიანი მანქანების გამოყენება. ვფიქრობ, ჩვენ მათ აპრილში ან მაისში ვიხილავთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკვე 2023 წელს მსოფლიო უკრაინისთვის ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს იხილავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გავაკეთეთ კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, ხარკოვში, ხერსონში. ყველაფერი ეს გაგრძელდება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მან ასევე ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე და იქ მყოფ სამხედროებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დაღლილები არიან.

„რა თქმა უნდა, ისინი დაიღალნენ. ომი ერთ წელზე მეტია, გრძელდება. ეს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთული პროცესია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სამხედროების როტაციას. თუმცა ეს ომია: ცხოვრების სტანდარტები განსხვავებულია, პირობები განსხვავებულია. მაგალითად, მე შემიძლია დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათით დავიძინო. ეს უკვე ჩვევად იქცა“, -აღნიშნა რეზნიკოვმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები განიცდიან საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობას.

„ისინი ასევე დაიღალნენ. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, ბევრი დაღუპული და დაჭრილი ჰყავთ. ჩვეულებრივ, ისინი კარგავენ ყოველდღიურად, სულ მცირე, 500 სამხედროს მოკლულებით და დაჭრილებით“, – განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

2022 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის არმიის მხრიდან კონტრშეტევის მომზადების შესახებ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წარმატებული კონტრშეტევისთვის საჭიროა F-16 საბრძოლო თვითმფრინავები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მიღებული MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებს აძლიერებენ, მაგრამ მისი თქმით, საჭიროა უფრო თანამედროვე ავიაცია.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ თანამედროვე თვითმფრინავები გვჭირდება. იქნება ეს Falcon ან Gripen, თუ სხვა ტიპის თვითმფრინავი. მაგალითად, თანამედროვე რუსული თვითმფრინავების, ისეთი როგორიცაა Су-35, რადარის დიაპაზონი 200 კმ-ზე მეტია და სროლის მანძილი 100 კმ-ზე მეტი. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის, რათა ისინი ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი გახდეს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინა ოპტიმისტურად არის განწყობილი დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინა პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

16 მარტს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გამოაცხადა უკრაინაში პირველი ოთხი MiG-29 თვითმფრინავის გადაცემის შესახებ. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებელს გადასცემდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button