მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბახმუტის დაახლოებით 65% რუსეთის ძალებმა დაიკავეს

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაიკავეს უკრაინის ქალაქ ბახმუტის კიდევ 5% და ამჟამად აკონტროლებენ საერთო ჯამში, დაახლოებით 65%-ს.

ამერიკელი ექსპერტები საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების, ვიდეომასალების და გეოლოკაციური გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევენ, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ როგორც ჩანს, დაიკავა ბახმუტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო კომპლექსი „აზომი“ და წინ წაიწია ქალაქის ცენტრისკენ, ბაზრის და კულტურის სახლის რაიონში.
“ვაგნერელები, შესაძლოა, ბახმუტის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში წარმატებების კონსოლიდაციას ცდილობენ, რათა ქალაქის ცენტრისკენ გადავიდნენ და კონტროლის ზონა ბახმუტის დასავლეთ ნაწილში გააფართოონ.

რუსეთის ჯარები ბოლო 7 დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით დაწინაურდნენ და მათ ამჟამად ქალაქის დაახლოებით 65% ოკუპირებული აქვთ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა სირსკიმ 28 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა ბახმუტის ასაღებად გადაისროლა საუკეთესო ქვედანაყოფები. სირსკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების ამოცანაა რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგის განადგურება და შეტევაზე გადასვლისთვის მომზადება.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი ახლა მიმდინარეობს, ვითარება კი სტაბილურად მძიმეა. მისი თქმით, მტერი ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, მაგრამ შეტევითი ოპერაციების წარმოებას აგრძელებს.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button