მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კონცერტები და მსხვერპლი ვენესუელა-ბრაზილიის საზღვართან

ვენესუელაში, ბრაზილიის საზღვართან არეულობის დროს სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები ბრაზილიიდან ჰუმანიტარული დახმარების გადატანას ცდილობდნენ. ამ დროს კი, ვენესუელელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ჰუმანიტარული დახმარების მოგროვების, შემდეგ კი მისი ვენესუელაში გადატანის მცდელობით, 22 თებერვალს კოლუმბიაში, საზღვართან ახლოს კონცერტი გაიმართა. მას ვენესუელის “დროებითი პრეზიდენტი” ხუან გუაიდო და რამდენიმე სხვა პოლიტიკური ლიდერი დაესწრნენ.

ვენესუელისა და კოლუმბიის დამაკავშირებელი ხიდის მეორე მხარეს, ოპოზიციონერებისგან დაახლოებით 200 მეტრში კი, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი წარმოდგენა შედგა. სწორედ კონცერტების შემდეგ მოხდა სამხედრო მოსამსახურეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა.

როგორც უკვე ცნობილია, ნიკოლას მადურომ ბრაზილიის საზღვარი დახურა. მიზეზი ჰუმანიტარული დახმარებაა, რომელიც საზღვართან ახლოს არის განლაგებული. მადურო მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეტანით ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ინტერვენციის გამართლებას ცდილობს. ამასთან ნიკოლას მადურო უარყოფს, რომ ვენესუელაში ჰუმანიტარული კრიზისია.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადუროს რეჟიმმა საზღვარი კოლუმბიასთანაც ჩაკეტა. საზღვრის ყველა მონაკვეთი და ხიდი, საიდანაც ოპოზიცია, ხუან გუაიდოს ხელმძღვანელობით, ქვეყანაში ამერიკული ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას გეგმავდა, ჩაკეტილია.

მადუროს გარემოცვაში აცხადებენ, რომ კოლუმბია, გუაიდოს მხარდაჭერის გამო, ვენესუელას სუვერენიტეტს საფრთეს უქმნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button