მსოფლიოსიახლეები

კორონავირუსი, ჩინეთი და გეოპოლიტიკური დებატები

“რუსეთს აღელვებს ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მცდელობა, კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულოს”. – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სააგენტო “ტასსთან“ ინტერვიუში.

„მსურს გითხრათ, რომ გულს გვტკენს ის რიტორიკა და მცდელობა, რომელიც რომელიმე ერთი მხარისკენ თითის გაშვერას გულისხმობს. აშშ ადანაშაულებს ჩინეთს. ჩინეთის წინააღმდეგ ბრალდებები გაახმაურეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც (საფრანგეთსა და გერმანიაშიც),“- აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აბსოლუტური პრიორიტეტი პანდემიაზე გამარჯვება უნდა იყოს.

„მოგვიანებით, რასაკვირველია, მისი წარმოშობის მიზეზებიც უნდა გავარკვიოთ. მეცნიერების პროგნოზით, კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება და სეზონური გრიპებისა და დაავადებების მსგავსად, მუდმივად იარსებებს ჩვენთან. ამიტომ, მისი წარმოშობის მიზეზების შესწავლა აუცილებლად დაგვჭირდება.” – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ჩინეთს პანდემიის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაში ადანაშაულებს და მისგან კომპენსაციის სახით, გარკვეული თანხის მოთხოვნის საკითხს განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება პეკინმა ამის გამო პასუხი აგოს.

„ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. დაველოდოთ, რა მოხდება,“ – აღნიშნა ტრამპმა.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ჩინეთის მოქმედება კორონავირუსთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ პეკინი მის არჩევნებში დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩინეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ არჩევნები წავაგო,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა „როიტერსთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობამ კი, 61 000-ს გადააჭარბა. კორონავირუსის გამო, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიას განიცდის. ბოლო კვირის განმავლობაში, უმუშევართა სოციალური დახმარების სამსახურებს 26 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button