კორონავირუსის ტესტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა.

უკვე რამდენიმე დღეა, თელავის საავადმყოფოების კორონავირუსის ტესტირების ცენტრებში, მოქალაქეების რიგები დგას.
თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში ტესტის აღების მსურველების რაოდენობის ზრდას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ დადებითობის მაჩვენებელიც ნელ- ნელა იზრდება.
” ახალი წლის დღეების შემდეგ, მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია. ძალიან ბევრი სიმპტომიანი მოქალაქე გვაკითხავს. ვფიქრობთ, რომ ეს დღესასწაულების შედეგია, როცა რეგულაციების დაცვა არ ხდებოდა და ვირუსის გადადება გაიზარდა”- განუცხადეს რადიო ჰერეთს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში.
კახეთის რვა მუნიციპალიტეტში პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ჩატარებული ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიებები 8 იანვარს დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებების გრაფიკს მუნიციპლიტეტის მერიები ოფიციალურ ვებ- გვერდზე ავრცელებდენ და მიუთითებდნენ, რომ შეკრებები პანდემიისათვის დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდებოდა.
ამის მიუხედავად, საზეიმო კონცერტებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები რეგულაციების დაუცველად, უმრავლესობა კი, პირბადეების გარეშე ესწრებოდა.
სპეციალისტების გათვლით, ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიებებისა და შეკრებების ეპიდემიოლოგიური შედეგი, რეგიონში რამდენიმე დღეში უფრო თვალშისაცემი გახდება.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძის განმარტებით, ღონისძიებების ჩატარების დროს, ჯანდაცვის უწყებებისათვის რეკომენდაციების მისაღებად, არავის მიუმართავს.
” რეკომენდაციების მისაღებად ნამდვილად არავის მოუმართავს. აქ არის ტელევიზია და ჩვენ, ჩვენი ინიციატივით, ყოველკვირა გამოვდივართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ რეგულაციების დაცვა, პირბადის ტარება არის აუცილებელი. ხალხმრავლობა ვირუსის გავრცელების წინაპირობაა და ვფიქრობთ, შემთხვევების ზრდა, გარდაუვალია”- განაცხადა კაპანაძემ.
დღეს, დილისათვის კახეთში ინფიცირების 63 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ყველაზე მეტი, 29 ადამიანი თელავში, ხოლო 10 გურჯაანში დაინფიცირდა.
24 საათის განმავლობაში, რეგიონში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში კორონავირუსით, 68189 მოქალაქე დაინფიცირდა და 428 გარდაიცვალა.