მნიშვნელოვანისიახლეები

შოვში გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.

“2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა”, – წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი სამხედროს დასახმარებლად შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში მივიდა და “თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს”.

ტიქიის ზონაში 7 აგვისტოს სამაშველო საქმიანობაში ჩართული კიდევ ერთი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა. ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის თქმით, მაშველები ორ მცირეწლოვანს ეძებენ.

“აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სადამდეც მცირედი შანსი მაინც იქნება ადამიანების პოვნის. 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის ორ მათგანზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ასევე, ვეძებთ ორ მცირეწლოვან ადამიანს”- თქვა ნოდარიშვილმა.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

29 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ორს ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button