კრემლი ვერ ხედავს საფუძველს რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გაახანგრძლივოს

კრემლმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვერ ხედავს საფუძველს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებისთვის და დასძინა, რომ თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არ იყო სწორად განხორციელებული.
ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გაერო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ, “სამწუხაროდ, ისინი ვერ ახერხებენ საჭირო გავლენის მოხდენას კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებზე იმისთვის, რომ შესრულდეს რუსული მხარის მოთხოვნა შეთანხმებაში”.
პესკოვს მხედველობაში ჰქონდა რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების სია, მათ შორის იმ პირობების მოხსნა, რომლებსაც მოსკოვი აღიქვამს წინაღობად თავისი მარცვლეულის და სასუქების ექსპორტისთვის.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გამოდის უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის პროცესის აჩქარების მოწოდებით – გადაზიდვები ხორციელდება ომის პერიოდში უსაფრთხო ექსპორტის შეთანხმების ფარგლებში.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა 2022 წლის ივლისში გაფორმდა საკვების გლობალურ კრიზისთან საბრძოლველად, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავა უკრაინაში მოსკოვის შეჭრამ და უკრაინის პორტების ბლოკირებამ. თუმცა საკვების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა – განაცხადა გაეროს პრესმდივნის მოადგილემ, ფარჰან ჰაყმა, 20 ივნისს.
“გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს, ააჩქარონ ოპერაციები და მიმართავს თხოვნით, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გაგრძელება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმებისა, რომელიც 17 ივლისს განახლებას უნდა დაექვემდებაროს”, – თქვა ჰაყმა.