მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლს არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კრემლს არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შესახებ, როგორც რუსული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ წერენ, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების გამცემი, ამიტომ სათქმელი არაფერი აქვთ.
“პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გასცემს ჯანმრთელობის ცნობებს, შესაბამისად, არაფერი გვაქვს სათქმელი”, – ასე უპასუხა დღეს პუტინის პრესსპიკერმა

შეკითხვას, იმყოფებოდა თუ არა გასულ კვირას კადიროვი მოსკოვში და შეხვდა თუ არა პრეზიდენტ პუტინს, პესკოვმა უპასუხა, რომ შეხვედრა არ ყოფილა.
გამოცემა „ვიორსტკა“ 17 სექტემბერს წერდა, რომ თვის დასაწყისიდან კადიროვის თვითმფრინავი მოსკოვში სამჯერ გაემგზავრა, ბოლო სამი დღის განმავლობაში კი, დიდი ალბათობით, მოსკოვში იმყოფებოდა.

ბოლო დღეებში მედიით გავრცელდა ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების, კომაში ყოფნის და სიკვდილის შესახებაც კი. 17 სექტემბერს ტელეგრამ არხებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნური სანომრე ნიშნის მქონე მანქანები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ საავადმყოფოში მიდიოდნენ. იმავე დღეს კადიროვის ტელეგრამზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ის სეირნობს. ვიდეოს გადაღების ადგილი და დრო მითითებული არ არის,
მოგვიანებით ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმაც დაწერა. მისი განცხადებით, კადიროვის მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუარესდა, რამაც “სერიოზული მდგომარეობა გამოიწვია”.

გარდა ამისა, უკრაინული გამოცემა Obozrevatel წყაროებზე დაყრდნობით იმავეს იტყობინებოდა რომ თავდაპირველად ის სამკურნალოდ მოსკოვში გაგზავნეს, თუმცა შემდეგ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობაც განიხილებოდა. ასევე, იუწყებოდნენ, რომ კადიროვს თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, მაგრამ პრობლემები შეიქმნა, რის გამოც მეორე ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია მის გარდაცვალებაზეც.

ამ წლის დასაწყისიდან, მედიით პერიოდულად ვრცელდება ვერსია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე, 46 წლის რამზან კადიროვი მძიმედ ავადაა და შესაძლოა, კიბო ჰქონდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button