მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საკონსტიტუციოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

განცხადების თანახმად, ქართული ოცნების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა.

“მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“).

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

ინფორმაცია №1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება. ინფორმაცია მედიას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. პლენუმის შემადგენლობაში ასევე არიან მანანა კობახიძე და მერაბ ტურავა.

პარლამენტმა ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წელს აირჩია.

გოცირიძის დანიშვნას მხოლოდ ქართული ოცნება უჭერდა მხარს. მმართველი პარტიის მიერ მის დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები აკრიტიკებდნენ.

ევა გოცირიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც 2015 წელს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მაშინ გოცირიძე ამობდა, რომ გადაწყვეტილება “სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ” მიიღო.

2016 წელს საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

მოსამართლე გოცირიძეს 2017 წელს ინიციატივა ჰქონდა, რომლის თანახმადაც, მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა დაწესებულიყო. ის მიიჩნევდა, რომ “პოლიტიკოსისა და ჟურნალისტიკის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება მოსამართლეების მიმართ, თავისუფლების ბოროტად გამოყენება იყო”.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, პრეზიდენტი თავისი ქმედებით არა მხოლოდ კონსტიტუციას არღვევს, არამედ საქართველოს იმიჯს აზიანებს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რამდენად ირღვევა პრეზიდენტის ქმედებებით კონსტიტუცია.

„ფაქტია, რომ პრეზიდენტი ღუზას მოწყვეტილია. პრეზიდენტი თავისი ქმედებებით არა მხოლოდ კონსტიტუციას არღვევს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. მის ქმედებებს სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტი თავის საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრ მტკიცებულებას დააგროვებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა საჯაროდ თქვა, რომ კონსტიტუციას არღვევს და დაარღვევს. შვეიცარიაში მთავრობის ნებართვის გარეშე წასვლით კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოში დადასტურდება მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და არა – შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯი, რასაც საქართველოს პარლამენტი გადადგამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button