„ქართული ოცნება“ არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს-კალაძე
,,ვისაც დღევანდელი სიტუაციის შეცვლა შეუძლია, არჩევნებზე მისული ხალხი იქნება-ეს კანონი რომ არ წარედგინათ, შესაძლოა, არჩევნებშიც კი მოეგოთ,,-პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი, მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს.
„მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, ის არის პრეზიდენტი. არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას. იმის მაგივრად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი. არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს შეცლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ არა პარტიასთან, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს გამარჯვებას, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს. შეინარჩუნებს მშვიდობას. რაც შეეხება სხვა რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა კალაძემ.
ეს კანონპროექტი ცვლის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პირობებს, რადგან მათ განიხილავს დივერსიისა და რევოლუციის აგენტებად, რომლებიც ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების დამხობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონის სამიზნე სწორედ ის ორგანიზაციებია, რომლებმაც ააშენეს ქვეყანა დამოუკიდებლობის მომენტიდან, მხარს უჭერენ დემოკრატიულ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას და ჯანდაცვას.
„ნარატივი: „თქვენ 30 წელი გვეხმარებოდით, ახლა კი უცხო გავლენის აგენტები ხართ“ – შეუსაბამოა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კანონპროექტი არის აშკარა დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„იმის ნაცვლად, რაც უნდა გავაკეთოთ – ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, ჩვენ ვკარგავთ დროს და საზოგადოების კონსენსუსს იმაზე, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციით. ეს ნიშნავს, რომ ამ მთავრობას, მმართველ პარტიას არ სურს მიგვიყვანოს იმ შედეგებამდე, რასაც უნდა მივაღწიოთ წლის ბოლომდე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმისკენ მიმართული ცხრა ნაბიჯის შესრულებით. ამის ნაცვლად, ჩვენ ახლა ორიენტირებული ვართ ამ კანონზე და მის შედეგებზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის, ვისაც დღევანდელი სიტუაციის შეცვლა შეუძლია, არჩევნებზე მისული ხალხი იქნება.
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის შესრულებაც ევროკავშირი შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე – ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება და აჩქარება, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულების აღება.
ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვეტო სიმბოლური იქნება, მაინც გამოიყენებს ამ უფლებას.
„ჩემი ვეტო სიმბოლურია. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა მოხდება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერება, ან გაწვევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
„ის შარშან გაიწვიეს, მაგრამ კვლავ წარადგინეს დაპირების მიუხედავად, რომ ასე არასდროს მოიქცეოდნენ. ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, გაიწვევენ თუ არა კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია. არსებობს სხვა კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ შევძლოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ასე რომ, ერთ მხარეს არის კანონების მთელი რიგი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონების არარსებობას, რომლებიც საჭიროა იმ სფეროში, სადაც ჩვენ გვთხოვენ პროგრესის მიღწევას და მესამე ნაწილი არის რიტორიკა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ანტიდასავლური, ანტიევროპული. ეს რიტორიკა მოდის მმართველი პარტიიდან, მათი საპატიო პრეზიდენტ ივანიშვილიდან, ყველა ლიდერიდან, რადგან ისინი ყველა ერთ ენაზე საუბრობენ და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც 30 წელია აშენებენ ჩვენს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობას და მის განვითარებას, „უცხო ქვეყნის აგენტებს“ უწოდებენ, რომლებსაც უნდათ ქვეყნის განადგურება, დესტაბილიზაცია, ხელისუფლების დამხობა. ეს ძალიან რუსული ენაა. ეს არის ის, რასაც რუსეთი სულ იმეორებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები იქნება გარკვეული სახის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით სურს ქართველ ხალხს სვლა.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ხალხის ნება არჩევნებზე, რათა დავამტკიცოთ, რომ გზა, რომელიც მათ სურთ არის გზა ევროპისკენ და სხვა არაფერი. ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს, რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას ეს კანონი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს კითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან“.
„ეს კანონი რომ არ წარედგინათ, შესაძლოა, არჩევნებშიც კი მოეგოთ. რადგან მათი ენა აქამდე, მათი ნარატივი ჯერ კიდევ გასულ დეკემბრამდე იყო: ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ეს შესაძლებელი გახადა და უცებ გვაქვს ნარატივი, რომელიც შეგიძლიათ მოისმინოთ ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაში, რომელიც არის ომის გამოცხადება ჩვენი დასავლელი, ევროპელი პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.