“კულტურის მინისტრმა” ლუდის ქილა კბილებით გაგლიჯა [Video]

კაზაკთა მართლმადიდებელი კავშირ „Ирбис“-ის წარმომადგენლებმა სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში რეიდი მოაწყვეს.

მათ უცხოური წარმოების სურსათს ბოიკოტი უცნაური ფორმით გამოუცხადეს. კაზაკებს, ნაკლებად ცნობილი რუსი მომღერალი და მსახიობი – სტანისლავ ბარეცკი ახლდათ, რომელმაც მომხმარებლებს თავი კაზაკთა კულტურის მინისტრად გააცნო.

ჟოლოსფერ პიჯაკში გამოწყობილმა „კულტურის მინისტრმა“ ერთ-ერთ მომხმარებელს კალათიდან დანიური წარმოების ლუდის ქილა ამოაცალა და კბილებით გაგლიჯა. ბარეცკიმ თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ იმპორტულ საქონელს პროტესტის ასეთი ფორმით ებრძვის.

ამავე კაზაკთა კავშირმა სახელი საკუთარი ვალუტის შემოღებითაც გაითქვა. კავშირის ატამანმა ანდრეი პოლიაკოვმა განაცხადა, რომ უკვე მილიონზე მეტი სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტი დაბეჭდა, 5 ბაშლიან კუპიურაზე კი ვლადიმერ პუტინის სურათია გამოსახულიო.

მსგავსი პოსტები

Back to top button