მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს შეხვდა და ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს, ალი ასადოვს, შეხვდა და ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, თანამშრომლობა.

“ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურის რანგში ბაქოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში იგეგმება.

ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კონსტრუქციული დიალოგის როლს ამ პროცესში. პრემიერმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.

ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვია. ამის შემდეგ კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ვიზიტები დააანონსა. ბაქოს შემდეგ, კობახიძე სომხეთში ჩასვლასაც აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button