კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა
კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე წერს.
“რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის”, – წერს ბელოუსოვი.
მისი თქმით, რეგიონის უსაფრთხო რაიონებში სასაზღვრო ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დროებითი განლაგების პუნქტებია მოწყობილი.
“ყველა უახლოესი დღე რილსკის რაიონის ადმინისტრაცია და მთავრობის სხვა ორგანოები საგანგებო ვითარების რეჟიმში იმუშავებენ”, – წერს ბელოუსოვი.
უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს
რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. კრემლმა, ორ ღამეში კურსკის რეგიონში, კონტროლი 12 დასახლებულ პუნქტზე და ქალაქ სუჯას ნაწილზე დაკარგა. მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჯარისო ნაწილებმა კონტროლი საერთო ჯამში 350 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე დაამყარეს.
კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონიდან ევაკუაციას საკუთარი ძალებით ცდილობს. ოფიციალური მონაცემებით, იერიშებს ამ დროისთვის ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 35, ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
რთული ვითარებაა სუჯაში. ქალაქში, რომელშიც 5 000 ადამიანი ცხოვრობს, გათიშულია ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და კავშირგაბმულობა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, მოსახლეობა ავტომაგისტრალებზეა გამოსული და კონფლიქტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობით, უკრაინულ საჯარისო შენაერთებს ქვეყნის სიღრმეში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე ჩასული სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტი ვიტალი ზარუბნი ამბობდა, რომ სიტუაციას რუსეთის არმია აკონტროლებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის 11 დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი.