მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) ადასტურებს, რომ უკრაინის ჯარები სახმელეთო ოპერაციას განაგრძობენ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში. უკრაინას ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ამერიკელი ექსპერტები 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

ISW-ის თანახმად, უკრაინელი სამხედროების სახმელეთო ოპერაციის ამ დროისთვის დადასტურებული მასშტაბი მიუთითებს, რომ მათ გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის, სულ მცირე, ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში შეტანილია რუსული წყაროების, მათ შორის კრემლის მხარდამჭერი ე.წ. სამხედრო ბლოგერების მიერ გავრცელებული ცნობებიც, რომ 6 აგვისტოდან უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში დაიკავეს 45კმ² ტერიტორია და 11 დასახლებული პუნქტი. რუსეთის კურსკის ოლქში 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „რთული ოპერატიული ვითარების“ გამო და „რეგიონის ტერიტორიაზე მტრის ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის“.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. მან 7 აგვისტოს საგანგებო თათბირზე გამოიძახა თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი, გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი შოიგუ.

გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ 6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-მდე სამხედრო შეტევაზე გადავიდა კურსკის ოლქის სუჯის რაიონის ნაწილის დასაპყრობად.

გენერალ გერასიმოვის მტკიცებით, ტერიტორიის სიღრმისკენ მოწინააღმდეგის გადაადგილება შეჩერებულია, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 100 უკრაინელი სამხედრო, 215 დაჭრილია და განადგურებულია 54 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 7 ტანკი. ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

გერასიმოვი, რომელსაც რუსეთის დანაკარგებზე არაფერი უთქვამს, პუტინს დაჰპირდა, რომ ოპერაცია უკრაინის ძალების „სრული განადგურებით” დასრულდება.

კურსკის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 6-7 აგვისტოს დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 31 სამოქალაქო პირი. უკრაინის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს დრონებით და რაკეტებით არაერთი თვეა უტევენ, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ან გენერალურ შტაბს ამ დრომდე ოფიციალურად არაფერი უთქვამთ სახმელეთო ოპერაციაზე.

მედიასაშუალებებმა, რომლებმაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთვის მიმართეს, კომენტარზე უარი მიიღეს.

8 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის კურსკის ოლქში ორჯერ გამოაცხადეს საჰაერო განგაში რაკეტებით და დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის გამო.

ადგილობრივი დროით ღამის ოთხი საათის შემდეგ, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა შვიდი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. გამთენიისას სმირნოვმა განაცხადა, რომ მოგერიებულია კიდევ ხუთი რაკეტა და ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის თავდაცვის ძალები სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს დრონებით და რაკეტებით არაერთი თვეა უტევენ, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ან გენერალურ შტაბს ამ დრომდე არაფერი უთქვამთ სახმელეთო ოპერაციაზე, რომელიც რუსეთის თანახმად, უკრაინელებმა 6 აგვისტოდან დაიწყეს.

7 აგვისტოს, ღამით, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინ თათბირს მართავს. რაზე მიმდინარეობს საუბარი, ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებულ კადრებში ისმის ის, რომ პუტინი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ამხნევებს.
რუსეთის კურსკის ოლქში, მესამე დღეა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. გასული ღამის განმავლობაში, ოლქში სარაკეტო თავდასხმის საშიშროება სამჯერ გამოცხადდა. ოლქის გუბერნატორმა კონფლიქტის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჯარისო ნაწილები შევიდნენ და უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან რუსეთის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაწევა შეძლეს.

რუსული ტელეგრამარხების მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქი სუჯას დასავლეთი ნაწილი დაიკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, რეგიონში ვითარებას უკრაინელების ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობა განაპირობებს. ოფიციალურ კიევს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია, კრემლის ლიდერი უკრაინელების რუსეთში შესვლად პროვოკაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი კი ტერორისტულ აქტს უწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button