ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიას უსაფუძვლოს უწოდებს.
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არაერთხელ თქვა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა.
„კორონავირუსის წარმოშობისა და გადაცემის საშუალებებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ნათელია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ეს არის სამეცნიერო საკითხი, რომელიც მეცნიერებმა და სამედიცინო ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ. მინდა, შეგახსენოთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არაერთხელ თქვა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა. მსოფლიოში ბევრ ცნობილ სამედიცინო ექსპერტს ასევე მიაჩნია, რომ ე.წ. ლაბორატორიული გაჟონვის მოსაზრებებს მეცნიერული საფუძველი არ აქვს“, – აღნიშნა ჩჟაო ლიცზიანმა.
ამერიკულმა „ფოქს ნიუსმა“ 16 აპრილს ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, სავარაუდოდ, უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა.