მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის მერმა ნუნუ ნოზაძე სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვა

ლაგოდეხის მერმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი სამსახურიდან დაითხოვა და მის ადგილას განთავისუფლებულის ყოფილი მძღოლი დანიშნა.

მერის თანამდებობაზე განმეორებით არჩეულმა, ჯონდო მდივნიშვილმა, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება, 12 ნოემბერს გამოსცა.


ცენტრის ყოფილი დირექტორი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მერმა ბრძანების გამოცემამდე, მას განცხადების დაწერა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, განთავისუფლების ბრძანება, 15 წუთში ჩააბარა.

„ჯონდო მდივნიშვილმა მომთხოვა პირადი განცხადების საფუძველზე დამეტოვებინა თანამდებობა. ჩემგან უარის მიღებიდან 15 წუთში ჩამაბარეს განთავისუფლების ბრძანება, სადაც წერია, რომ თითქოს აუდიტმა ჩვენთან დააფიქსირა პრობლემები ინვენტარიზაციის კუთხით, ასევე ფედერალური წესით წამოსული დაფინანსების განაწილებასა და კოვიდ ტესტებთან დაკავშირებით. მერმა აუდიტის სამსახური შესამოწმებლად მას შემდეგ შემოუშვა, რაც მე უკმაყოფილება გამოვთქვი ჯონდო მდივნიშვილის მიერ დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასეთი იყო მაგალითად, საზაფხულო ბანაკის მოწყობა. მერმა ჩაატარა დედა ენის დღეც, რაზეც მქონდა პოზიცია, რომ ხალხის მასშტაბური თავშეყრა, მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არ შეიძლებოდა”- განაცხადა ნოზაძემ.

ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, მდივნიშვილი მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების იზოლაციის პირობების განსაკუთრებულ კონტროლსაც სთხოვდა.

” ჩემი საქმიანობა ზეპარტიულია. მე ექიმი ვარ და მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა შეხედულება აქვს. საპარლამენტო არჩევნებზე, განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანების იზოლაციის განსაკუთრებულ დაცვას ითხოვდა. ფედერალური წესით წამოსული თანხა, რომელიც ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს, ფაქტიურად, სიკვდილის პირისპირ მებრძოლ ადამიანებს ყოველთვიურად, ხელფასზე დანამატის სახით ეძლეოდათ, მეხუთე თვეა გაჩერებული აქვს. როგორც ჩანს, ეს თანხები, მისი შეხედულების მიხედვით უნდა გამენაწილებინა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გარკვეული პერიოდით წინ, ჩემი ხელფასი 150 ლარით შეამცირა. აუდიტს არაფერი აღმოუჩენია, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა”- ამბობს ნოზაძე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, ნოზაძის განთავისუფლების ფაქტზე საუბარი არ ისურვა და განმარტებების გაკეთება მოადგილეს, ნინო ბატიაშვილს დაავალა.

ნინო ბატიაშვილი განმარტავს, რომ მერიის აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დარღვევები აღმოაჩინა.
რა სახისაა დარღვევები და არის თუ არა, ისინი პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, მერის მოადგილეს ამაზე განმარტება არ გაუკეთებია.

ბატიაშვილი ამბობს, რომ ნუნუ ნოზაძე ერთპიროვნულად მართავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ლაგოდეხის მერთან კოორდინაციაში არ იმყოფებოდა.
„ის არაფერს ეკითხებოდა ლაგოდეხის მერს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით არღვევდა სამსახურის წესდებას და შინაგანაწესს“ -განაცხადა ბატიაშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდება.

პროფესიით ექიმი, პედიატრი ნუნუ ნოზაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, 1998 წლიდან,. 23 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ჯანდაცვის ცენტრის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი, სამსახურის ყოფილი მძღოლი, სპეციალობით ენტომოლოგი ბესო ხელაძე, ჯერჯერობით დირექტორის მოვალეობას შეასრულებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ლაგოდეხის მერიას დაქვემდებარებული, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული აიპი ორგანიზაციაა.
კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში,. ცენტრის საქმიანობა სრულად ვირუსთან ბრძოლას უკავშირდება და ის, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდანაც ფინანსდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button