ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა თბილისში –ISFED–ი განცხადებას ავრცელებს

„სამართლიანი არჩევნები“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით მიმართავს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და ა„ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ხოლო ცესკომ შეისწავლოს „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტი.

კერძოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2016 წლის 30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელ ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძისა და „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, რაც აკრძალულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 252 მუხლით. კანონის თანახმად, პარტიას თავისი კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, ასევე, ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება, ან გავრცელება, ან ასეთის დაპირება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც შემდგომ განსახილველად ეგზავნება სასამართლოს“, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ განახორციელონ ისეთი შინაარსის აქტივობა, რომელსაც ქველმოქმედების ფორმა აქვთ, შინაარსით კი ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს.

ამ თემაზე მხარეებს კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button