,,დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია,,-თბილისის მერმა საბურთალოს მესამე უბანზე მისცა ხმა

თბილისის მერმა კახა კალაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია, “ქართული ოცნებაა”.
როგორც კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.
“ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს არ აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში ისე, როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება. ერთადერთი პოლიტიკურ ძალა ეს არის “ქართული ოცნება, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს არიან ძალები რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. თუმცა, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენდნენ და შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოვუწოდო, გააფერადეთ 41 ნომერი, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.
26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.
ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747.
გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია.
უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი.
გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი(მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი – 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში)
საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.