ლაგოდეხში, ალტინფოსთან ასოცირებულ კონსერვატიულ პარტიას, ფართის მფლობელი ოფისის დაცლას სთხოვს

ლაგოდეხში, ალტინფოსთან ასოცირებულ კონსერვატიულ პარტიას, ფართის მფლობელი ოფისის დაცლას სთხოვს.
ინფორმაციას, ლაგოდეხში, კონსერვატიული პარტიის ოფისის დახურვის მოთხოვნით ჩატარებული აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი ადასტურებს.
ტასო მოდებაძე ამბობს, რომ ფართის მფლობელს თავად ესაუბრა და პირადად მისგან მოისმინა, რომ ოფისის დასატოვებლად, კონსერვატიულ მოძრაობას მეპატრონემ გარკვეული დრო მისცა.
” ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ოფისის მესაკუთრე, პარტიას სთხოვდა ფართის განთავისუფლებას. დღეს, დილით, პირადად ვესაუბრე და დამიდასტურა. მითხრა, რომ შეცდომაში შეიყვანეს და ეგონა, რომ ოფისი ქრისტიან-დემოკრატებს მიაქირავა. მისი თქმით, კონსერვატიულმა მოძრაობამ, დრო ითხოვა და იმედი აქვს, საკითხი მალე მოგვარდება”- ამბობს მოდებაძე.
რადიო ჰერეთი ფართის მფლობელს, ლაგოდეხში მცხოვრებ გია გოლეთიანსაც დაუკავშირდა.
გოლეთიანმა აღიარა, რომ ოფისი ნამდვილად მას ეკუთვნის და პარტიისგან მისი დატოვება მოითხოვა, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
” ფართი ჩემია, ვადასტურებ. ამიტომ მინდა მოვთხოვ დატოვებას, მინდა – არა. არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი, დრო გვაჩვენებს, რა მოხდება“- განაცხადა გოლეთიანმა.
საპროტესტო აქცია, კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან, ლაგოდეხში 20 აპრილს ჩატარდა.
აქციის მსვლელობისას, ოფისის ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის დროშები ჩამოგლიჯა და ძირს დაყარა.
ახალგაზრდა მამაკაცის მოქმედებას, სოციალურ ქსელში უამრავი აღშფოთებული პოსტი და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა .
უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ლეგიონერმა, ვანო ნადირაძემ კი, ვიდეო ჩაწერა და ქართველ სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდა
ნადირაძე ითხოვდა, პოლიციამ მამაკაცს ქართული დროშის შეურაცხყოფა არ აპატიოს.