მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი ოცნებისთვის დახმარების შეჩერებაზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს

საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ.
სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილების საპასუხოდ, აღასრულოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შევიწროებისთვის, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალისხმევასა და რეფორმებს, მუშაობს მთავრობასთან მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სენატორების განცხადებით, დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება.
„სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“, დებულებას ასახავს, რომელიც საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას მოითხოვდა. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა განაახლოს თანამშრომლობა, როდესაც ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს“, – აცხადებენ სენატორები.

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა, იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს – ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მედიას განუცხადა.
დანიგანმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომლის თანახმად, აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. ელჩმა განმარტა, თუ რამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან აწუხებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ, ასევე ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებულ შტატებისა და დასავლეთზე.
ამასთან ელჩმა ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აშშ პარტნიორობის 33 წლის მანძილზე უწევს საქართველოს.
„ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.
თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს – ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.
ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი”, – დასძინა ელჩმა.

საქართველოს მთავრობისთვის გათვალისწინებული 95-მილიონიანი შეწყვეტილი დახმარება, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის გადამისამართდეს. ამის შესახებ ვედანტ პატელმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერი პროგრამის შეწყვეტაზე და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე ჰკითხა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესშია და შემდგომი ნაბიჯების გადადგმას საჭიროების მიხედვით აპირებს.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაიწვევს 95 მილიონი დოლარის დახმარებას, რომელიც საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა მიემართა.
“გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80%-ს საქართველოს ევროკავშირში წევრობა სურს, მაგრამ საქართველოს მთავრობა, საკუთარი ქმედებებით, რომლებიც მათ შორის პარტნიორებსა და მოკავშირეებზე დეზინფორმაციის გავრცელებას ეხება, საკუთარ ხალხს ევროპულ მისწრაფებას აშორებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
უცხოური გავლენის შესახებ და სხვა პრობლემური კანონების გაუქმება, საკუთარი დეზინფორმაციის კამპანიის დასრულება, არჩევნების და წინა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ ჩატარება, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება – ეს ის ქმედებებია, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა იმ მხარდაჭერასთან, რომელსაც ამერიკა, როგორც პარტნიორი, ახორციელებს.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულად რთულ მომენტშია, ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება აბსოლუტურად უცვლელია. განვაგრძობთ იმ პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებსაც საქართველოს ხალხისთვის სარგებელი მოაქვს.
დახმარების პროგრამები, რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელშეწყობისთვის ხორციელდება, შეჩერდება იქამდე, ვიდრე ჩვენ ორმხრივი ურთიერთობის შეფასების მასშტაბურ პროცესში ვიქნებით. ზოგ შემთხვევაში, დახმარების პროგრამები შეიცვლება, რათა რესურსები პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მივმართოთ, რომლებიც გარკვეულ სექტორში მუშაობენ,” – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი.

ინფორმაციისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button