ლაგოდეხში ქორეოგრაფიული სტუდიები დახურვის საფრთხის წინაშეა
პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა. მაგალითად, ცეკვის ანსამბლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დახურვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ რადიო ჰერეთთან ანსამბლ „ლაკვასტას“ ხელმძღვანელი, ამირან არჩვაძე საუბრობს.
ქორეოგრაფის განცხადებით, სტუდიის მოცეკვავეთა რაოდენობა პანდემიის გამო, საგრძნობლად შემცირდა. „ლაკვასტას“ არ მიუღია მოსწავლეთა ახალი ნაკადიც.
არჩვაძე ამბობს, რომ ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი აპირებდა მათთვის ანაზღაურების გადახდას, თუმცა გასული წლის 25 დეკემბრის შემდეგ, მას მერე რაც შეზღუდვა გამოცხადდა, ცეკვის პედაგოგს არანაირი ხელფასი არ მიუღია. რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, არჩვაძის თქმით, მათ ანსამბლს რამდენიმე წლის წინ საერთოდ შეუწყვიტეს დაფინანსება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ჰერეთთან აცხადებს, რომ ქორეოგრაფიულ სტუდიებს, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან და საკუთარი იურიდიული სტატუსი აქვთ, – ადგილობრივი ბიუჯეტი არ დააფინანსებს.
იმის მიუხედავად,რომ გასულ თვეში ანსამბლმა ფუნქციონირება დაიწყო, ქორეოგრაფი ამბობს, რომ სტუდიის მოსწავლეთა ნაწილი სწავლების საფასურს ვერ იხდის და ანსამბლი დახურვის საფრთხის წინაშეა.
მოისმინეთ, ამირან არჩვაძის და ჯონდო მდივნიშვილის კომენტარები