რეგიონი

ლაგოდეხში რეაბილიტაცია უტარდება მუზეუმს, რომელსაც მუდმივი ადგილსამყოფელი არასოდეს ჰქონია

ლაგოდეხში რეაბილიტაცია უტარდება მუზეუმს, რომელსაც მუდმივი ადგილსამყოფელი არასოდეს ჰქონია.
ამჟამად, მუზეუმი ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაშია განთავსებული და მისი განახლების პროექტი თითქმის მთელი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ შენობა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახლდება, თუმცა რამდენი წლით ან რა სამართლებრივი ფორმით აქვს ის მუზეუმს გადაცემული, ვერ განმარტავენ.
” ამ ეტაპისთვის უკვე რეაბილიტირებულია შენობის ჭერი. პროექტის თანახმად, შეიცვლება ფანჯრები, იატაკი, შიდა და გარე ფასადი, მოეწყობა ეზო, დაირგვება მწვანე ნარგავები, გაკეთდება შესასვლელი დეკორატიული ბილიკები და სცენა, რომელიც ლაგოდეხში არ არის და კულტურული ღონისძიებებისათვის აუცილებელია. რა ფორმით გადაეცა შენობა მუზეუმს, ვერ გეტყვით”– ამბობენ მერიაში.

რეაბილიტაციის პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 826 404 ლარს შეადგენს

ლაგოდეხის ისტორიული, იგივე მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1975 წელს დაარსდა.

მუზეუმს მუდმივი ადგილსამყოფელი არასდროს ჰქონია. საბჭოთა პერიოდში, ის ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ- ერთ სასტუმრო-რესტორანში.

მუზეუმის ფონდი ძირითადად, ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალისაგან შედგება.

არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდს მოიცავს და თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს იარაღებითა და სამკაულებით არის წარმოდგენილი

მსგავსი პოსტები

Back to top button