ლამბალოს სკოლა ახალი წლიდან ამოქმედდება [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს 1000-ზე მეტი მოსწავლე ახალი წლიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებს სწავლას – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სადაც ამბობენ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე თვეში დასრულდება.
სკოლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილმა დაათვალიერეს.

“თითქმის ათი წელია სოფელ ლამბალოს მოსწავლეები ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ნიუანსები, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ასევე ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა. ახალი 2016 წლიდან ლამბალოელი მოსწავლეები უკვე ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას”, – განაცხადეს სამინისტროში.

ვიდეო მასალა სამინისტრომ გაავრცელა:

იხილეთ რადიო “ჰერეთის” ვიდეომასალა, რომელიც 2013 წელს არის მომზადებული. ამ თემაზე “ჰერეთმა” ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაატარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button