მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.
მისივე თქმით, ძიების პროცესში მაშველებთან ერთად ჩაერთვებიან თავდაცვის ძალებიც.

“მე მოვისმინე ინფორმაცია, ოპერატიული შტაბი, რომელიც შექმნილია გუშინდლიდან. დაუყოვნებლივ გამოიგზავნა 400-ზე მეტი მაშველი, მათ დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე იქნა გამოყვანილი ამ სტიქიის ზონიდან უვნებლად. მანამდეც, ღამე, ჩვენს პოლიციას, სამაშველო სამსახურს ჰქონდათ მაქსიმალური მობილიზება გაკეთებული ადგილზე, არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დარჩენილი და 210 მოქალაქე იქნა უვნებლად გამოყვანილი. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება სხვა სამუშაოებს – სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი, ძალიან მძიმე ვითარებაა. სამწუხაროდ, 30-ზე მეტს კვლავაც ეძებენ, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს, მიდის აქტიური სამუშაოები.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს.

მე თავად მოვინახულე სტიქიის ზონა და იქ ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანადაა დაფარული.

ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ ამ შაბათ-კვირას, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას და, ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

სტიქიის ზონაში დაკარგულ 35-მდე ადამიანს მაშველები კვლავ ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button