ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია [Video]

“ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია. უდიდესი წარმატება ძალოსნობისა და მთლიანად ქართული სპორტისათვის”, – ეს სასიხარულო განცხადება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა, რაც იმის დასტურია, რომ ქართველი ძალოსანი წლეულს ჰიუსტონში გამართული მსოფლიო პირველობის გამარჯვებულად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა ქალაქმა ჩემპიონატს ნოემბრის მე-2 ნახევარში უმასპინძლა და მაშინ ტალახაძემ დიდ წარმატებას მიაღწია. 22 წლის ქართველმა გოლიათმა +105 კგ. წონით კატეგორიაში ჯამში 454 კგ. (ატაცი 207+აკვრა 247) მოაგროვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მაშინ გამარჯვება და საყოველთაო აღიარება რუს ალექსეი ლოვჩევს ერგო, რომელმაც 475 კგ. (ატაცი 211+აკვრა 264) დაძლია და ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიგო.

მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსმა საოცარ შედეგს არცთუ კეთილსინდისიერი გზით მიაღწია. ცხადია, საუბარი დოპინგზე გახლდათ, რომელიც ძალოსნებისთვის უცხო ნამდვილად არაა და თავის დროზე, მის გამო პრობლემები ტალახაძესაც ჰქონდა.

და აი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე გაჩნდა ცნობა, რომლის თანახმადაც ლოვჩევის დოპინგ-სინჯმა დადებითი პასუხი მოიტანა. ალექსეის სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოაჩნდა, რის გამოც მას ნებისმიერი რანგის შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აეკრძალა.

“მინდა ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს ჩემპიონობა მივულოცო. არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა, ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს. ლოვჩევის ტესტმა დადებითი აჩვენა”, – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ სიახლეს საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე, რომელიც ქართველთაგან ბოლო მსოფლიოს ჩემპიონი იყო. მან ამ დიდ წარმატებას 2001 წელს მიაღწია…

საინტერესოა, რომ ჰიუსტონური ჩემპიონატი ამ მხრივ განსაკუთრებით “ბინძური” აღმოჩნდა და სინჯების შედეგად, დოპინგი ერთბაშად 16 (!) სპორტსმენს აღმოუჩინეს. აკრძალული პრეპარატების მიღება, ლოვჩევის გარდა კიდევ – 3 რუს, 2 ჩინელ, 2 მოლდოველ, 3 ყაზახ, 3 ბელარუს, 2 აზერბაიჯანელ და 1 ბერძენ ძალოსანს დაუმტკიცდა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ რუსულმა მხარემ დანაშაულის უარყოფა სცადა. თავად ლოვჩევმა ყველაფერი პოლიტიკურ თამაშებს დააბრალა და აღნიშნა, რომ მისთვის საბედისწერო ვერდიქტი ”რუსული სპორტის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების” გამოძახილი იყო. რუსეთის ძალოსნობის ფედერაციის თავკაცის – სერგეი სირცოვის კომანტარებიც მსგავსი იყო.

რუსებმა ფირფიტა მხოლოდ საღამოსკენ გადაატრიალეს. ქვეყნის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ აქცენტი რუსეთის ძალოსნობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე გააკეთა და არც სირცოვის განთავისუფლება გამორიცხა.

“ეს დიდი იმედგაცრუებაა. ლოვჩევთან დაკავშირებით გარკვეული იმედები კიდევ გვაქვს, რადგანაც ალექსეის ტრავმა აწუხებდა და მის მიერ მიღებული პრეპარატი დეკლარირებული იყო. აი, დანარჩენებთან დაკავშირებით კი საქმე საოცარ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს. თუკი ამ სიტუაციას თავი ვერ დავაღწიეთ, ვფიქრობ, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მწვრთნელებმა თანამდებობები უნდა დატოვონ”, – დასძინა სირცოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button