ძაგნიძის პირველი გამარჯვება
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2559) კატარში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
ეს Qatar Masters Open 2015-ის მე-5 ტურში მოხდა, რომელშიც ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით რუსი იური გორიაჩკინი (2318) დაამარცხა და 2.0 ქულით 108-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ასეთივე მონაგარით, შესაბამისად, 99-ე და მე-100 პოზიციები უკავიათ ბელა ხოტენაშვილს (2496) და სოფიკო გურამიშვილს (2368). პირველი თეთრებით იტალიელ პიერ ლუიჯი ბასოს (2438) დაუზავდა, მეორემ კი ასევე თეთრებით ყაიმი რუს ალინა კაშლინსკაიასთან (2448) გააფორმა.
ქართველ მოჭადრაკეთაგან უარესი შედეგი ნინო ბაციაშვილს (2498) გააჩნია, რომელმაც პირველ ტურში უდიდესი სენსაცია მოახდინა და მსოფლიო უძლიერეს მოჭადრაკე მაგნუს კარლსენს (ნორვეგია, 2834) დაუზავდა.
მე-5 ტურში ბაციაშვილმა შავი ფიგურებით კატარელ აზიზ ჰუსეინ ნეზადთან (2425) წააგო და 1.0 ქულით 124-ე ადგილზეა.
ამ დროისთვის, ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი სწორედ ხსენებული კარლსენია, რომელმაც ბაციაშვილთან დაზავების შემდეგ, მიჯრით 4 პარტია მოიგო და 4.5 ქულა მოაგროვა. მას 0.5 ქულით ერთბაშად 8 მოჭადრაკე ჩამორჩება.
დოჰაში მიმდინარე შეჯიბრზე 25 დეკემბერი დასვენების დღეა, მომდევნო ტური კი 26-ში შედგება. მე-6 ტურში ოთხივე ქართველი მოჭადრაკე შავებით ითამაშებს. ძაგნიძე შაჰ საგარს (ირანი, 2441) დაუპირისპირდება, ხოტენაშვილი – იუქსიან ფანს (ჩინეთი, 2438), გურამიშვილი – მოჰამედ ეზატს (ეგვიპტე, 2490), ხოლო ბაციაშვილი – ჩანგრენ დაის (ჩინეთი, 2328).