ლათინური ამერიკის თავზე ჩინეთის კიდევ ერთი სათვალთვალო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს
ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

პენტაგონში აცხადებენ, რომ ლათინური ამერიკის თავზე ჩინეთის კიდევ ერთი სათვალთვალო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ბურთის შესახებ, რომელიც ლათინური ამერიკის თავზე მიფრინავს. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთი“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერ, პატრიკ რაიდერის ინფორმაციით, ისინი შემთხვევას სწავლობენ და დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. იქამდე კი, პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს.
რატომ არ ჩამოაგდო შეერთებულმა შტატებმა საეჭვო ჩინური ბუშტი – ამაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარმომადგენლებმა ვარიანტები განიხილეს, თუმცა, როგორც მათ სამხედროებმა ურჩიეს, ბუშტის ჩამოგდება, ნამსხვრევების რისკის გამო, შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო. თუმცა, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
ბაიდენს მის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიან.
როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, აშშ-ის მთავრობა დარწმუნებულია, რომ საჰაერო ბურთი ჩინეთიდანაა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო, გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემჩნეულ იქნა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთი, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ABC News-ს მოჰყავს შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ბლინკენს არ სურს ვიზიტის მთლად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ დატოვება. მაგრამ ამავე დროს მას არ სურდა, საჰაერო ბურთთან დაკავშირებული ინციდენტი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი საკითხი გამხდარიყო.
მანამდე ჩინეთმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ, მისი თქმით, „სამოქალაქო“ საჰაერო ხომალდი შემთხვევით მოხვდა აშშ-ის ტერიტორიაზე და ქარმა ის კურსს მოაშორა. ამ ინციდენტს მწვავე რეაქცია მოჰყვა შეერთებულ შტატებში.
ჩინეთის საეჭვო საჰაერო ბურთი უკვე რამდენიმე დღე იმყოფება აშშ-ის თავზე, მონტანის შტატის მიდამოებში. აშშ-ის მაღალი რანგის პირებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ურჩიეს, არ ჩამოაგდონ საჰაერო ხომალდი, ვინაიდან, ნამსხვრევებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ხმელეთზე მყოფ ობიექტებს.
როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ფრენის ამჟამინდელი ტრაექტორია საჰაერო ბურთს საშუალებას მისცემს, რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს გადაუფრინოს. მონტანაში, მალმსტრიომის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ბალისტიკური რაკეტების 150 შახტი მდებარეობს.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, დაეზუსტებინათ, რა სიმაღლეზე იმყოფება საჰაერო ბურთი, მაგრამ თქვეს, რომ ის სამოქალაქო ავიაციის მიმოსვლის დონეზე უფრო მაღლა და კოსმოსურ სივრცეზე უფრო დაბლაა.