ლავასოღლის მხარდამჭერები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის (იგივე ლავასოღლის) მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული 9 პირიდან 8-ს 1 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ერთი კი, სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.
დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ლავასოღლის მხარდამჭერებს შორის გუშინ, 5 ივნისს ბათუმში მოხდა. აქციის მონაწილეები სარფის გამშვები პუნქტისკენ მიემართებოდნენ და გზის გადაკვეტვას გეგმავდნენ. პოლიცია მათ მოუწოდებდა, გზის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
3 ივნისს აქციის 4-მა მონაწილემ პირი ამოიკერა, ხოლო ჯამში 15 ადამიანი ბათუმის იუსტიციის სახლის წინ შიმშილობას აგრძელებს.
თურქმა სამართალდამცველებმა ლავასოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც კანონიერ ქურდობას გულისხმობს. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
ადვოკატის ინფორმაციით, დაპატიმრების ვადა ლავასოღლის თურქეთში 28 თებერვალს ამოეწურა და ის საქართველოში უნდა გადმოეყვანათ. მისივე განმარტებით, ლავასოღლი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ორშაბათს მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან. ირაკლი შოთაძემ მათთან შესახვედრად მზადყოფნა გამოთქვა და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა პროტესტს ლავასოღლის მხარდამჭერები.