“ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა” [Audio]

“ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე”, – ეს არის ოფიციალური ინფორმაციას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ნიშნავს.

“გამოძიება უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი”, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“ხანძარი ლიკვიდირებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი დაზარელებული აღარ გვეყოლება”,- ეს განცხადება კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 21 მოქალაქეს, აქედან 3 გაწერილია ბინაზე პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ. დანარჩენი 18 მოქალაქე განთავსებულია ბათუმის რამდენიმე კლინიკაში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მარგველაშვილმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

“შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. “მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

“ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის”, – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირბეით. კვირიკაშვილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button