ლუკაშენკო მოკავშირეებს ეძებს იგი სთავაზობს ბირთვული იარაღი თავის ქვეყანაში განათავსონ
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ბელარუს-რუსეთის კავშირს და განათავსოს ბირთვული იარაღი თავის ქვეყანაში.
როგორც ლუკაშენკომ რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, „სტრატეგიულად გასაგები“ უნდა იყოს, რომ მინსკსა და მოსკოვს გაერთიანების უნიკალური შანსი აქვთ.
„არავინაა წინააღმდეგი ყაზახეთს ან სხვა ქვეყანას ჰქონდეს ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა, როგორიც ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ვინმე თუ ნერვიულობს, მაშინ მარტივია – შეუერთდით ბელარუსისა და რუსეთის კავშირს, სულ ესაა. ბირთვული იარაღი ყველასთვის შეიძლება იყოს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა – რუსეთის პოზიცია.
გასულ კვირას რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ განაცხადა. ეს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კრემლი ბირთვულ იარაღს რუსეთის საზღვრებს მიღმა განათავსებს.
დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებისა, – ამის შესახებ ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდრ ვოლფიჩმა განაცხადა.
„ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება სტრატეგიული შეკავებისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანს. ვიმედოვნებთ, რომ დასავლელი პარტნიორები ამ წითელ ხაზს არ გადალახავენ“, – აღნიშნა ვოლფიჩმა.
გასულ კვირას რუსეთმა მიიღო ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს „ბრძოლის ველზე კონკრეტული მიზნების მიღწევას“.
ვაფასებ მის ხუმრობას, – ასე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს.
ტოყაევის თქმით, ყაზახეთს არ აქვს ალიანსში გაწევრიანების საჭიროება.
ამ განცხადებით თოყაევი გამოეხმურა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს.
„ახლახან ბელარუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა.
თოყაევის თქმით, მისი ქვეყანა ამ საერთაშორისო დოკუმენტების ერთგული რჩება.
მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთს, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერს, არ სჭირდება ბირთვული იარაღი.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი უკვე გზაშია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე.
მანამდე, აშშ-ში განაცხადეს, რომ გმობენ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებას.