მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საომარი მდგომარეობის მიუხედავად არჩევნები ჩატარდება-პუტინის ახალი კანონი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 მაისს ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას “საომარი მდგომარეობის შესახებ” კანონში. ცვლილება სხვა საკითხებთან ერთად, ანექსირებულ ტერიტორიებზე არჩევნებისა და მოსახლეობის დეპორტაციის საშუალებას იძლევა. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ან მთელ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მდგომარეობაა დაწესებული, ან მხოლოდ მის ნაწილზე.

ცვლილებები “საომარი მდგომარეობის შესახებ” კანონში შევიდა კანონპროექტის მეორე მოსმენამდე, რომელიც თავდაპირველად გვთავაზობდა ტერმინის “ფედერაციის საბჭოს წევრი [რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის] “რუსეთის ფედერაციის სენატორი” შეცვლას. კანონი 2022 წლის ივლისში შევიდა, პირველი მოსმენა კი 2023 წლის მარტში შედგა. შესწორებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს 17 მაისს და მესამე მოსმენით 18 მაისს.
პუტინს კომენდანტის საათი ჰქონდა გამოცხადებული უკრაინის იმ ოთხი რეგიონის ნაწილში, რომლებიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა. აქამდე მოქმედი კანონით, ამგვარ ვითარებაში არჩევნების ჩატარება იკრძალებოდა. ახალი კანონი არჩევნების გამართვას შესაძლებელს ხდის კომენდანტის საათის პირობებშიც, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოთა თანხმობის საფუძველზე.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) დენონსაციის შესახებ.

„1990-იანი წლების დასაწყისიდან, ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური ცვლილებების გავლენით, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ნატოს გაფართოებასთან არის დაკავშირებული, ის დიდწილად მოძველდა და დაკარგა კავშირი რეალობასთან“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში მოაწერეს ხელი ნატოს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა. დოკუმენტი განახლდა 1999 წელს, მაგრამ რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ოთხი მონაწილის – რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის – მიერ. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.

2007 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების შეჩერების შესახებ მანამდე, სანამ ნატოს ქვეყნები მოახდენდნენ მის რატიფიცირებას. მაშინ ალიანსმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები ხელს არ უწყობს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთისთვის CFE-ის დენონსაციასთან ერთად ავტომატურად წყდება მასთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედება.

თებერვალში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აჩერებს ქვეყნის მონაწილეობას New START-ში, შეერთებულ შტატებთან დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებას. შეთანხმება არ ითვალისწინებს ცალმხრივ შეჩერებას, ფაქტობრივად, მოსკოვმა უბრალოდ უარი თქვა მის შესრულებაზე.

მაშინ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულების განხორციელება შეუძლებელია მანამ, სანამ „დასავლური ელიტები რუსეთის განადგურებას ცდილობენ“. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილებას “დიდი შეცდომა” უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button