მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

ლუკაშენკო “სამხრეთ ოსეთის” აღიარების საკითხს განიხილავდა

ბელარუსის პრეზიდენტი უარყოფს, რომ აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ, ვლადიმირ პუტინი ორ მილიარდ დოლარს სთავაზობდა.

უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ფულზე ლაპარაკი არასდროს ყოფილა, თავად ამ საკითხის ფასი კი, გაცილებით მაღალი იყო.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის მხარდაჭერის პრობლემა არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს მთლიანობის ერთგული მომხრეა. ლუკაშენკოს თქმით, ცუდი ფაქტი იყო, როცა საქართველოს ნაწილი მოგლიჯეს.

ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ როცა რუსეთმა „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, დსთ-ს ქვეყნებში ჰაერში დაეკიდა ჩუმი შეკითხვა, აღიარებდა თუ არა ბელარუსიც და განსაკუთრებით, ყაზახეთი ნერვიულობდა.

ლუკაშენკოს სიტყვებით: „ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, თუ საჭიროა მოკავშირის მხარდაჭერა, მხარს დავუჭერთ და ასე შემდეგ“.

თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტის ინფორმაციით, მასთან ჩავიდა ნატოს იმჟამინდელი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა და უთხრა, რომ ნატოს თხოვნაა, ბელარუსმა არ აღიაროს „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. ლუკაშენკოს მტკიცებით, სოლანამ უთხრა, რომ მასთან დალაპარაკება დსთ-ს ლიდერებმა ითხოვეს, რადგან თუ ბელარუსი „სამხრეთ ოსეთს“ აღიარებდა, იგივეს გაკეთება მათაც მოუწევდათ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, როცა ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხა, რა შედეგი მოჰყვებოდა მინსკის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას, სოლანამ დაუსახელა ახალი სანქციები და მათ შორის, ბელარუსის გათიშვა საბანკო გადარიცხვების საერთაშორისო სისტემა SWIFT-იდან.

ლუკაშენკომ გორდონს ისიც უამბო, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ სოჭში შეხვდა რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს, მედვედევს, რომელმაც უთხრა, რომ ბელარუსმა „სამხრეთ ოსეთი“ უნდა ცნოს. ლუკაშენკოს თქმით, როცა მედვედევს უპასუხა, რომ აღიარებს, მაგრამ აინტერესებს, რა კომპენსაციას მისცემს რუსეთი ბელარუსს დასავლეთისგან ახალი სანქციებით მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად, მან უპასუხა, რომ ეს ეკონომიკური საკითხებია და მათ პუტინი წყვეტს, როგორც პრემიერ-მინისტრი. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხზე რუსეთთან ვერ მოილაპარაკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button