„მადლობა მეგობარს“-აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით თბილისში “მეტროს პროტესტი” და ერთობის მარში იმართება

თბილისში, მოქალაქეები ახმეტელის მეტროსადგურიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომდე მსვლელობას სახელწოდებით – „მადლობა მეგობარს“ მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – „MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას – სენატს გადაეცა.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, „MEGOBARI აქტი” საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერი დოკუმენტია.
ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები.
გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებენ: “გადადექით”, “სანქციები გზაშია”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “დამხობა რეჟიმს”.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: “ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობაო”, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”, “MEGOBARI ACTI – მეგობრობა აქტში!”
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
მანამდე, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და დელისის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს.
ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე! შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება ,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “ახმეტელის მეტროსადგურთან” განაცხადა, საიდანაც აშშ-ს საელჩოს მიმართულებით “ერთობის მარში” გაიმართება სახელწოდებით: “მადლობა მეგობარს”.
როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგობრივ მოძრაობაშია.
“არაფერი განსხვავებული არ ხდება. ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე. შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება, სადაც ხალხი არაფრის გამოა დაკავებული, ცრუმოწმეები მრავლდებიან და მრავლდებიან, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ჰგავს სახელმწიფო ინსტიტუტს, სახელმწიფო სამსახურში ყველა მუშაობს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე”,- აღნიშნა მელიამ.
რაც შეეხება “MEGOBARI აქტის” შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა მელიას თქმით, “მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო, დემოკრატიული წესწყობილება. ყველა საერთაშორისო პარტნიორი ამ პროცესში ქართველი ხალხის ნებას ეხმარება”.
შეკრება ჯამში სამ ადგილას – მეტრო „დელისთან“, მეტრო „სადგურის მოედანთან“ და მეტრო «ავლაბართან» დაიწყო. ამის შემდეგ, ყველა ჯგუფი მეტროთი მარშის საწყის ლოკაციაზე – მეტრო „ახმეტელთან“ მივიდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. 7 მაისს კი დოკუმენტმა სენატში გადაინაცვლა.