მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მადრიდის სამიტზე საქართველოს დახმარების ახალ პაკეტს მიიღებენ

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მადრიდის სამიტზე მიიღებენ დახმარების პაკეტს ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა.

“გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს მჭიდრო პარტნიორებთან. სამიტში საქართველო და ევროკავშირი მიიღებენ მონაწილეობას. მივიღებთ ახალ პაკეტს ჩვენი პარტნიორების: საქართველოს, ბოსნია ჰერცეგოვინას და მოლდოვას დასახმარებლად”- თქვა სტოლტენბერგმა.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, დახმარების მიზანია პრევენციული ღონისძიებები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის სამეზობლოში და რისკის ზონაში არიან. ამასთან, სამდღიან სამიტზე მიიღებენ ალიანსის სტრატეგიულ დოკუმენტს სახელწოდებით “უსაფრთხოების ახალი კონცეფცია”.

სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რაიმე გაკვეთილი ვისწავლეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან, ეს არის ის, რომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მოხდეს ადრე და არა დაგვიანებით.

“რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას – ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე გაკვეთილი ვისწავლეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან, ეს არის ის, რომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მოხდეს ადრე და არა დაგვიანებით. მეტი უნდა გავაკეთოთ იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსეთის მცდელობების მიმართ, ჩაერიოს ამ ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში. ველით, რომ სამიტზე მოხდება შეთანხმება რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ. ჩვენ დავეხმარებით მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში.

ჩვენ შეგვიძლია საქართველოში გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუაციური ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხო კომუნიკაციები, გამძლეობა და კიბერუსაფრთხოება. საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ადგილზე გავაძლიეროთ მათი ძალისხმევა და მხარი დავუჭიროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და ნატოს ოფისში დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფაში. საქართველოსა და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერა, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის აგრესიის წინაშე, ნატოს სამიტის მთავარი გზავნილი იქნება,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button