“მაესტროს”, “იმედის” და GDS-ის გაერთიანება – “იმედი” განცხადებას ავრცელებს

მედიაჰოლდინგმა “იმედმა” დაასრულა მოლაპარაკებები ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის შეძენაზე, ხოლო ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “იმედის” განცხადებაშია აღნიშნული.

“მედიაჰოლდინგი “იმედი” მოხარულია გაცნობოთ, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია “მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია “მაესტრო” გახდება ჰოლდინგის “იმედის“ შემადგენელი ნაწილი.

ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ, მედიაჰოლდინგი “იმედი” ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.

გვჯერა რომ, გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედიასივრცის განვითარებაში.

ვსარგებლოთ შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის. გმადლობთ ერთგულებისთვის, აქ იმედია,ინა გუდავაძე”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button